saintereso.ucoz.com
პარასკევი, 2024-04-26, 11:23 PM
» საიტის მენიუ
» ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
Всего ответов: 154
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 6 » ნანი ბრეგვაძეს რუსული რომანსების შესრულება აუკრძალეს?!
ნანი ბრეგვაძეს რუსული რომანსების შესრულება აუკრძალეს?!
11:13 AM
სურათის სრული ზომით ნახვა

5 ოქტომბერს საუკუნის მომღერლად აღიარებულმა ნანი ბრეგვაძემ ბოლო სოლო-კონცერტი გამართა და ამ კონცერტით განახლებული ფილარმონიაც გახსნა. კონცერტმა ორ საათს გასტანა. საღამოზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უკრავდა, რომელსაც ნიკა მემანიშვილი დირიჟორობდა. ღონისძიების ორგანიზატორი კი თბილისის მერია იყო.

კონცერტზე დასასწრებად ჟურნალისტები შენობაში უკანა შესასვლელიდან შეგვიყვანეს. მე და ჩემი მეგობარი გაცილებით ადრე მივედით და ფილარმონიაში დაბნეულები დავდიოდით. ამასობაში, კულისებში აღმოვჩნდით, სადაც ნანი ბრეგვაძე მშვენიერი ვარდისფერი კაბით გამოვიდა და სარკის წინ დაიწყო ტრიალი.

“ეს ქამარი, მგონი, ჩემებურად უნდა შევიკრა. ამ კაბაში ძლივს დავდივარ, სცენაზე არ წავიქცე,” - ჩაილაპარაკა ნანი ბრეგვაძემ, რომელსაც რამდენიმე ადამიანი კაბის გასწორებაში ეხმარებოდა. ამასობაში, მარინა ბერიძემაც რამდენიმეჯერ გაიარ-გამოიარა და ნანი ბრეგვაძის შვილიშვილს მოეფერა: თმა კარგად გაქვს, არ დაივარცხნო, ასე, ხელით გაისწორე.”

ბევრი “ბოდიალის” შემდეგ, “პატრონი” რომ ვერ ვიპოვეთ, კოლეგებს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები შესასვლელში გააჩერეს, ყველას ერთად აგიყვანთო და ჩვენც იქ ჩავედით. როგორც იქნა ჩვენი “პატრონი” და “დამბინავებელიც” გამოჩნდა, რომელმაც მოგვახსენა: “მარტო პირველ სიმღერას გადაიღებთ. განთავსდებით 21-დან 26 რიგამდე კიბეებზე და იქ იქნებით.”

ჟურნალისტები შევშფოთდით, როგორ, კიბეზე უნდა ვისხდეთ?

- დიახ, კიბეზე უნდა დასხდეთ, - გაგვიმარტა იმანაც. ამ დროს მერიის პრეს-სამსახურის თანამშროლმელიც მოვიდა და ჩვენთვის განკუთვნილ კიბესთან მიგვიყვანა, სხვა რა გზა იყო, დუდღუნ-დუდღუნით გავყევით: ”ასეთი რამ, ალბათ, არც ერთ ქვეყანაში ხდება, რა გახდა, 15 სკამის გამოყოფა ჟურნალისტებისთვის, ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ადამიანებად არ გვთვლიან, ყველგან და ყოველთვის კიბეზე გვყრიან?!”

კონცერტი რვა საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა დარბაზის კარი ხალხის შემოსასვლელად ზუსტად რვა საათზე გაიღო, ნანი ბრეგვაძის საღამო კი ცხრას რომ 20-25 წუთი აკლდა, მაშინ დაიწყო.

მოკლედ, როგორც იქნა კონცერტი დაიწყო, მე და ჩემი მეგობარი ხან ერთ ადგილას დავჯექით, ხან – მეორე იმის იმედით, რომ რომელიმეს მფლობელი არ მოაკითხავდა და კიბეს ავცდებოდით. ამ სიარულში საინტერესო საუბარიც მოვისმინეთ. ასაკოვანი ქალბატონი თანმხლებს ეუბნებოდა, ნანის მთავრობიდან რუსული რომანსების სიმღერა აუკრძალეს, მაგრამ რეპერტუარში ორი რუსული რომანსის ჩასმა მაინც მოახერხა. ეგ კი არადა, ნანი ნაწყენია, მერიამ ახლობლების დასაპატიჟებლად კონცერტის მხოლოდ 10 ბილეთი რომ მისცაო.

მომეჩვენა, რომ ქალბატონები მომღერლის ახლობლები იყვნენ. ისე, განახლებული ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სავსე იყო. კონცერტს გიგი უგულავა, პრეზიდენტი და ილია მეორეც ესწრებოდნენ.

მე და ჩემი მეგობარი კართან, კიბეზე ჩამოვჯექით. ანაზდეულად, სკამზე მჯდომი ქალბატონი გამომელაპარაკა. უცნობი ნანი ბრეგვაძის ავშვობის მეგობარი, ლია შარაბიძე აღმოჩნდა.

“ნანი ძალიან ღელავს, ეშინია ასაკის გამო, ვაითუ ვერ გავამართლო ამხელა კონცერტიო. ნანი და მეც 78 წლის ვართ. ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. მახოვს, მე, ნანი და სოფიკო ჭიაურელი “გრუზავიკზე” დავსხდებოდით ხოლმე, მაშინ სად იყო ამდენი მანქანა და თბილისის ზღვაზე ავდიოდით და ვნახულობდით, როგორ აკეთებდნენ. მაშინ არც ნანი იყო ნანი და არც სოფიკო - სოფიკო”, - მეუბნება ლია შარაბიძე. მისივე თქმით, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილს, რომელიც საოპერო ჟანრში მღერის, მომავალში კარიერის გასაკეთებლად იტალიაში უპირებენ გაგზავნას. ამ დროისთვის ის კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია და უკვე საქმროც ჰყოლია.

კონცერტი აზარტში იყო შესული, ტაში ქუხდა, უბერებელმა ნანი ძველი ჩანაწერებითა და ცოცხალი შესრულებით მისი გზა კიდევ ერთხელ გაგვატარა. ერთ-ერთი ჩანაწერის გაშვებისას, ეკრანს ახედა და გულწრფელად თქვა: ჩემი ბიჭი შვილიშვილები მეუბნებიან, რას ჰგავდიო, ისე, დედაც მარიგებდა, ძალიან შეუხედავი ხარ და ჭკვიანად მოიქეციო.

მაშინდელი ნანი ბრეგვაძისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ კონცერტზე ის მართლაც მშვენიერი და განუმეორებელი იყო.

კონცერტი, ალბათ, უნაკლოდ ჩაივლიდა, რომ არა განახლებული ფილარმონიის ასევე, განახლებული აპარატურა, რომელმაც შუა კონცერტზე (და არა ერთხელ) “ჭყავილი” დაიწყო. მართალია, ფილარმონიის სკამების გადასაკრავები შეცვლილია, ფოიეც შეღებილია, როგორც ამბობენ, აპარატურაც გამოცვლილია, მაგრამ მაყურებლის იმედი მაინც გაცრუებული აღმოჩნდა. ამ ხმამ მომღერალიც შეაშფოთა, გაგკვირვებული კითხულობდა, რა ხდებაო.

ნანი ბრეგვაძემ თავის ბოლო სოლო კონცერტზე თითქმის ყველა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის სიმღერა შეასრულა. მომღერალმა სიმღერები კინოფილმებიდანაც იმღერა. ერთი სიმღერა კი  შვილსა და შილიშვილებთან ერთად შეასრულა. კონცერტისთვის განკუთვნილმა ორმა საათმა უცებ გაირბინა. მომღერალმა მერიას კონცერტის ორგანიზატორობისა და განახლებული ფილარმონიისათვის მადლობა გადაუხადა. დარბაზში ტაში არ წყდებოდა. ხალხი კმაყოფილი იყო და წასვლა უჭირდა...

როგორც ქალბატონმა ლია შარაბიძემ მითხრა, ნანი ბრეგვაძისთვის კონცერტის ბოლოს მერიის თანამშერომლებს ალაფურშეტიც მოუწყვიათ.



თქვენ რეგისტრაციის გავლის გარეშე შეგიძლიათ შეაფასოთ მასალა და დატოვოთ კომენტარი.

მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია საიტის სახელის მითითება.
კატეგორია: კულტურა | ნანახია: 2083 | დაამატა: saintereso | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლის ფორმა
» ძებნა
» საიტის მეგობრები
სურათის სრული ზომით ნახვა






20 წლის გოგონა შეყვარებულის “ვნებიანი კოცნის” შედეგად დაყრუვდა

ქალებისა და მამაკაცების ერთად წოლა არ შეიძლება!

მთვლელი




Copyright MyCorp © 2024